წმ. მთავარანგელოზთა დასის სახელობის მე-8 კლასის მოსწავლეების მოგზაურობა კახეთში

წმ. მთავარანგელოზთა დასის სახელობის მე-8 კლასის მოსწავლეების მოგზაურობა კახეთში

2026 წლის 12-13 ოქტომბერს წმ. მთავარანგელოზთა დასის სახელობის მე-8 კლასის მოსწავლეებმა იმოგზაურეს  კახეთში. მოგზაურობის მიზანი იყო: მოსწავლეებს მოელოცათ კახეთში არსებული ეკლესია-მონასტრები,  გასცნობოდნენ კახეთის მხარის ბუნებას და ლანდშაფტის თავისებურებას; დაეთვალიერებინათ მუზეუმები.

12 ოქტომბერი ეკლესია-მონასტრების მოლოცვას და კახეთის მხარის გაცნობას დაეთმო. მოსწავლეებმა მოილოცეს ძველი და ახალი შუამთა, გრემი, ალავერდი, იყალთოსა  და  ნეკრესის ეკლესია-მონასტრები;  ბავშვები თავად საუბრობდნენ ტაძრების შესახებ,  ყურადღებას ამახვილებდნენ არქიტექტურასა და ტაძრების მოხატულობაზე. გვაცნობდნენ იქ მოღვაწე წმინდანების ცხოვრებას. გომბორის უღელტეხილის გავლისას მოსწავლეებმა ისაუბრეს და დაგვაკვირვეს კახეთის ბუნებაზე, იქაურ ტრადიციებზე, სამზარეულოსა და შემოქმედებაზე. მოინახულეს და ისაუბრეს ილიას ტბის შესახებაც.

13 ოქტომბერი სახლ-მუზეუმების დათვალიერებას დაეთმო. მოსწავლეები ჯერ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ, ყურადღებით მოუსმინეს მუზეუმის გიდს, თავადაც ისაუბრეს ილიას ბიოგრაფიასა და მოღვაწეობაზე, დაათვალიერეს კარ-მიდამოც. შემდეგ გაემგზავრნენ თელავში და ერეკლე მეფის სასახლეს ესტუმრნენ. დაათვალიერეს ეთნოგრაფიული მუზეუმი და ქეთევან იაშვილის პირადი კოლექციიდან მსოფლიოში ცნობილი ფერწერული ტილოები.  დღე წინანდალში ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმისა და უმშვენიერესი ბაღის დათვალიერებით დასრულდა.

აღნიშნული ექსკურსიის შედეგად მოსწავლეებს აუმაღლდათ ცნობიერება როგორც რელიგიურ, ასევე ისტორიულ, გეოგრაფიულ, ეთნოგრაფიული და ხელოვნების მიმართულებით. მოსწავლეები   უკეთ გაეცნენ ღვაწლმოსილ სასულიერო და საერო ადამიანთა ცხოვრება-მოღვაწეობას.

მოსწავლეთა შთაბეჭდილებები:

ნუგზარ მექვაბიძე: ექსკურსიიდან დამამახსოვრდა კახეთის ულამაზესი ბუნება, მოვიხიბლე ტაძრებით. ძალიან მომეწონა ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი. ზემოდან დავყურებდით ალაზნის ველს და გავცქეროდით კავკასიონს. ასევე დამამახსოვრდა წინანდალი, ალ. ჭავჭავაძის სასახლე.

ნიკოლოზ თურმანიძე: ყველაზე მეტად ალავერდი მომეწონა, ტაძარი ძალიან დიდი და ლამაზია. ალ.ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმიც მომეწონა, ულამაზესი ბაღი აქვს.

ანასტასია მუზაშვილი: მოვილოცეთ და მოვინახულეთ ტაძრები, მონასტრები და სახლ-მუზეუმები, ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოვისმინე. კმაყოფილი ვარ ექსკურსიით, კლასი ერთად ვიყავით და კიდევ უფრო დავახლოვდით.

ნინი ოქროპირიძე: მოვილოცეთ ბევრი ეკლესია, ვნახეთ ილიას ტბა და სახლ-მუზეუმები. გამოვარჩევდი წინანდალს, ალ. ჭავჭავაძის სასახლეს, ასევე ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმიც მომეწონა. ყველაზე მეტად ორი დღე რომ ერთად ვიყავით ბავშვები, ეგ მიხაროდა.

ანასტასია ვაზაგაშვილი: ეს ექსკურსია ძალიან გამორჩეული იყო, პირველად ვიყავით კლასი ორი დღით. ბავშვებმა ბევრი მოგონება შევაგროვეთ, ბევრი ფოტოც გადავიღეთ. მოვილოცეთ ეკლესია-მონასტრები. დავათვალიერეთ სახლ-მუზეუმები. მე ყველაზე მეტად ალავერდი დამამახსოვრდა, გავოცდი მისი გრანდიოზულობით. საღამო დავაგვირგვინეთ გიტარითა და ლამაზი სიმღერებით.

პაატა მურადაშვილი: ძალიან მომეწონა ეს აქტივობა, განსაკუთრებით დამამახსოვრდა ალავერდი, ნეკრესი და შუამთა.  ექსკურსიის მოწყობისათვის მადლობას ვუხდი გიმნაზიას და ჩემს მშობლებს.

დემეტრე მღებრიშვილი:  გამორჩეულად მომეწონა ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი და მისი ისტორია. მადლობა გიმნაზიას და ჩემს მშობლებს ექსკურსიის მოწყობისათვის.

ბარბარე შუბითიძე: ექსკურსიაზე მშობლების გარეშე პირველად ვიყავით, თან მამა ბორისიც გვახლდა. ჩემი აზრით, მამა ბორისის ჩვენთან ყოფნამ ექსკურსია უფრო სახალისო და მხიარული გახადა. ყველა ადგილი ძალიან საინტერესო იყო, განსაკუთრებით კი ცნობილი ფერწერული ტილოებით მოვიხიბლე, რომელიც ქეთევან იაშვილის პირადი კოლექციიდან იყო.

გვანცა კარელიძე: ყველაზე მეტად დამამახსოვრდა წინანდალი. დავათვალიერეთ ალ. ჭავჭავაძის სასახლე, ულამაზესი ბაღი და ლაბირინთი, სადაც კლასელებმა დაუვიწყარი დრო გავატარეთ.

გიორგი ალექსიძე: მომეწონა ალავერდის ტაძარი, ასევე - ნიკოლოზის მიერ მოთხრობილი ამბავი ერეკლე მეფეზე. წინანდალიც ძალიან ლამაზი იყო - ალ. ჭავჭავაძის სასახლე. ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმითაც დავინტერესდი.  ლამაზია კახეთი და ძალიან მომეწონა.

სოფო მარწყვიშვილი: ყველაზე მეტად ალ. ჭავჭავაძის სასახლით დავინტერესდი, ის ძალიან ლამაზი იყო და ბიოგრაფიაც საინტერესო მოგვიყვა მუზეუმის გიდმა. კიდევ ძალიან მომეწონა ნეკრესი, ისიც ძალიან ლამაზი იყო.

ელენე ცერცვაძე: ბევრი საინტერესო რამ ვნახე. ყველაზე მეტად ალ. ჭავჭავაძის სასახლე მომეწონა. პირველად ვიყავი ამ ულამაზეს ადგილას. ბუნებაც ხომ ლამაზია და მუზეუმის გიდიც საინტერესო ამბებს გვიყვებოდა ალ. ჭავჭავაძეზე. ბავშვებმა ბევრი ვითამაშეთ და ვიმხიარულეთ.

გიორგი ტერუნაშვილი: კლასელებთან ერთად ვნახე უძველესი და ულამაზესი ტაძრები და სახლ-მუზეუმები.

ანდრია ბონდარენკო: ექსკურსია ძალიან მომეწონა. დამრჩება როგორც კარგი მოგონება. კლასელებთან ერთად გავერთეთ და მივხვდი, როგორ ვზრუნავთ ერთმანეთზე.

ლუკა მეშვილდიშვილი: მოვილოცეთ ეკლესიები, დავათვალიერე სახლ-მუზეუმები. საღამოს კლასელებთან ბევრი ვითამაშე, ვიმხიარულე და ვიცეკვე.

ბარბარე საბანაშვილი: მოვიარეთ ლამაზი ადგილები. განსაკუთრებულად დამამახსოვრდა შუა მთა, ეს იყო საუკეთესო. მადლობა გიმნაზიას და ჩემს მშობლებს.

ბარბარე მაისურაძე: კახეთში მოვილოცეთ ტაძრები და დავათვალიერეთ სახლ-მუზეუმები. კარგად გავერთეთ და ვიმხიარულეთ.

მართა ხორგუაშვილი: ყველაზე მეტად ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი მომეწონა, ასევე ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი.

იოანე გოგიაშვილი: კახეთში ძალიან კარგი იყო. მოვილოცეთ ეკლესია-მონასტრები, ვიყავით მუზეუმებში, ვნახე ძალიან ლამაზი მთები და ბუნება. ბავშვები კარგად გავერთეთ, ვითამაშეთ და ღამეც ხალისით გავატარეთ.

ცოტნე წერეთელი: კახეთი ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით ილია ჭავჭავაძის და ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმები დამამახსოვრდა. იქ მათი ნივთებიც ვნახეთ. წინანდლის ბაღში ლაბირინთებში ბავშვები კარგად გავერთეთ. მოკლედ, კახეთში ძალიან კარგი და სახალისო დრო გავატარეთ. მადლობა მამა ბორისს და მანანა მასწავლებელს.

 

მსგავსი სტატიები

ყოველწლიური საგანმანათლებლო კონფერენცია

ყოველწლიური საგანმანათლებლო კონფერენცია

„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“

„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“

ყოველწლიური საშობაო ფესტივალი „გენეთლია“

ყოველწლიური საშობაო ფესტივალი „გენეთლია“

საბანკო რეკვიზიტები

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

ს.კ 218082848

ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

+995 (0370) 27 0432

 gori.gimnazia@gmail.com

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571 399 323