ლიტერატურულ-თეატრალური წრე

ლიტერატურულ-თეატრალური წრე

სტატიის სარჩევი

 

   მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით 26 მაისს ლიტერატურულ-თეატრალური სხვენი კახეთს ესტუმრა. გვიმასპინძლა თელავის წმინდა მოწამეთა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის სკოლამ. გიმნაზიის მოძღვარმა მამა იოანემ (ცხვირაშვილი), დირექტორის მოადგილემ თინათინ გვერდწითელმა,  მასწავლებელმა მარინა გოგიაშვილმა და ჩვენ, თოთხმეტმა ბავშვმა  დაუვიწყარი ორი დღე გავატარეთ. მოვილოცეთ ძველი და ახალი შუამთა, ვემთხვიეთ ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს. მფარველობა შევთხოვეთ სრულიად საქართველოსი. აქ მოღვაწე დედების ნებართვით ვიგალობეთ და საოცრად ბედნიერნი ალავერდისკენ გავეშურეთ. ალავერდი ძალიან დიდი ყოფილა. ბევრი ჩვენგანი აქ ნამყოფი არ იყო, ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მოვილოცეთ ტაძარი, გავეცანით მონასტერში ღვინის წარმოების ტექნოლოგიას, ვნახეთ საფუტკრე და დამხმარე მეურნეობები. აქაც და საერთოდ, მთელი მოგზაურობის განმავლობაში,  ვგრძნობდით ალავერდელი მიტროპოლიტის, მეუფე დავითის მზრუნველობას, აქაურების უზარმაზარ ყურადღებას და სითბოს.

    მოვინახულეთ იყალთო, მოვილოცეთ ტაძრები და დავათვალიერეთ აკადემიის ნაშთები. ნეტავი აღდგებოდეს ეს სასწავლებელიც, ისევე, როგორც ჩვენი გიმნაზია.

თელავში მასწავლებლები და მოსწავლეები დაგვხვდნენ. ზოგ მათგანს  ვიცნობდით კიდეც, საშობაო ფესტივალ ,,გენეთლიაზე" მათ შესანიშნავი წარმოდგენა გვიჩვენეს. მასპინძელი სკოლის დირექტორის მოადგილემ ქალბატონმა თეამ, ჩვენი დიდი თხოვნა შეასრულა და ვიდრე ოჯახებში გავნაწილდებოდით, ფეხბურთის მოედანზე წაგვიყვანა. შემდეგ სახლში მიგვიპატიჟა სტუმარ-მასპინძელი და ნამდვილი კახური სტუმართმოყვარეობით გვიმასპინძლა. ბევრი ვიმღერეთ, ვიგალობეთ, შემდეგ მასპინძელ ოჯახებში გადავინაცვლეთ. გავიცანით ძალიან საინტერესო ადამიანები, დაგვათვალიერებინეს ღამის თელავი, გულში ჩაგვიკრეს და თავი საკუთრ ოჯახში გვაგრძნობინეს.

27 მაისს სკოლას ვეწვიეთ. ქალბატონი თეას ნებართვით დავესწარით გაკვეთილებს. შევხვდით მასწავლებლებს და მოსწავლეებს.

დაგვლოცა სკოლის მოძღვარმა მამა გიორგიმ.

    გავმართეთ წარმოდგენა, რომელიც წრის მეცადინეობებზე მოვამზადეთ.

    შემდეგ ისევ ტრაპეზზე მიგვიწვიეს. საღამომდე მასპინძელ ბავშვებთან ერთად ვითამაშეთ.

სახლში დაბრუნების წინ  მოვინახულეთ ერეკლე მეფის სასახლე და ალექსანდრე ჭავჭავაძის მამული. გაგვიმართლა, ამ დროს აქ ჰოლანდიელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა იყო და ძალიან ვისიამოვნეთ. ვითამაშეთ, ვირბინეთ და დაღლილები გვიან ღამით დავბრუნდით გორში.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ მეუფე დავითს, ქალბათონ თეას, ყველა ბავშვსა და ოჯახს, ვინც გვიმასპინძლა. სიტყვებით ძნელია გადმოვცეთ ის, რასაც ვგრძნობთ. სიამოვნებით დავრჩებოდით თქვენთან კიდევ დიდხანს, ძალიან შეგვაყვარეთ თავი.

    მადლობას ვუხდით ჩვენს დირექტორს, მეუფე ანდრიას, რომელიც გვაძლევს ასეთი მოგზაურობების საშუალებას, მადლობა მამა იოანეს, მის მზრუნველობას გამუდმებით ვგრძნობდით.

    დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის.

 

1 5 10 2 3 4 6 7 8 9

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

ძიება